ბოლომდე უნდა ამოისუნთქო. ბოლომდე.

რა უსუსური ხარ როცა გინდა ეს მომაბეზრებელი, მძიმე, შედედებული სიჩუმე დაბრდღვნა, დააქუცმაცო, გაარღვიო და როცა ხვდები რომ შენი ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ კიდევ ერთი მოშლილი სიმია შენს ისედაც დაჭიმულ ნერვებზე. გაღიზიანებს თითქმის ყველაფერი. ისეთი უმნიშვნელო ნიუანსკიც კი როგორიც დერეფანში, მეზობლის მიერ ზრდილობიანად და ღიმილით ნაკითხი " როგორ ხარ!?" . გინდა გადმოანთხიო ყველაფერი, გინდა თავზე დააყარო ცხელი ავასავით ის გავარვარებული და ამოხარშული "ასე ვარ" რომ იგრძნოს, საკუთარი კანით მისი აუტანელი სიმხურვალე და სიმჟავე.მაგრამ უბრალოდ უღიმი. საკონტროლო კითხვით იშორებ და გზას განაგრძნობ.

როცა მეგობრების, მუსიკის, მომღიმარი სახეების გარემოცვაშიც იმ საძაგელ სიცარიელეს გრძნობ რომელიც დინამიკებიდან გადმოსულ ბასებზე მეტად გიჟრიალებს ყურებში...

როცა ათასი რჩევა-დარიგება, სხვისი გამოცდილება, პრობლემის გადაჭრისეული გზები მაბეზარა ბუსზებივით გახვევია თავს...

როცა ნებისმიერი კაკუნი შენი სულის კარებზე გაავებულ, გაწბილებულ "უგუნებობას" აღვიძებს და ისიც დაუფიქრებლად მოიწევს საკბენად ... სულ ერთია ვინ აკაკუნებს... ყველა უცხოა...

როცა გული გთხოვს "აქედან" გაქცევას და შენაც ეს გინდა. გაქცევა არა... უფრო მოწყვეტა და სწრაფად გაქანება საითკენღაც. გინდა სახით იგრძნო შემხვედრი ქარი და სივრცე გინდა დიდი... გაშლილი სივრცე ამოსაფრქვევად მომზადებული შენი სულისთვის....  გინდა ყვირილად დაბადო ყოველივე ის რაც შენში იყო.. ერთ დიდ...გამსჭოლ, კისრის ძარღვების დამძაბავ, ფილტვების და სულის დამცლელ ყვირილად...

მაგრამ ზიხარ და ერთად ერთი რამ რაც ყოველივე ამას ფარავს შენი წყნარი სახეა... არც ერთი ნერვი არ გიტოკავს ქარიშხლის მომლოდინედ... უბრალოდ, ზოგჯერ თუ ოდნავ გამოჟონავს თითების წვალებით, ტუჩის მოკვნეტით ან უეცრად გამოხატული მოჭარბებული "ხალისით"... მაგრამ კითხვაზე "რა იყო" ისევ მომზადებული და გაშალაშინებული "არაფერი კაცო" ისმის...

ასეთ დროს ერთი ძალიან უცნაური აზრი აგეკიდება... რა იქნებოდა აი ეს ყველაფერი ერთი ღერძის გარშემო რომ იყრიდეს თავს. გროვდებოდეს და მერე... აი ასე, ერთი სულის შებერვით...
 фуууу... და იფანტებოდეს უგზო-უკვლოდ. 
აი ისევე, მინდორში დაკრეფილ ბაბუაწვერებს სულს რომ უბერავენ ხოლმე...

თუმცა... რატომაც არა!?
შესაძლოა.
ცოტათი ძნელია მაგრამ...
შესაძლოა...
უბრალოდ სული რომ შეუბერო სუფთა ჰაერი კარგად უნდა ჩაისუნთქო... ღრმად... და მერე ერთბაშად ამოისუნთქო.... ბოლმდე.... სულ ბოლომდე...

Comments

  1. რა ნაცნობი სიტუაციაა!? მართლა შველის მერე ეგ "ბაბუაწვერა"?

    wiki

    ReplyDelete
  2. გააჩნია ვისთვის. ზოგისთვის კი, ზოგისთვის არა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts