და ოდნავ სევდიანი ჯაზი...

 წვიმა საოცარი რამაა. ის ერთნაირად უნაწილებს თავის წვეთებს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, ცოდვილსა თუ უცოდველს. ახლაც წვიმს, ქუჩა სავსეა წყლით და გუბეებში მოციმცინე ლამპიონების შუქით. ისევე როგორც ძველ ჰოლივუდურ ფილმებში, კადრს მიღმა ხმის ან მუსიკის დადება რომ შეიძლებოდას ამ წვიმას ნამდვილად მოუხდებოდა ღამის წყნარი, ოდნავ სევდიანი ჯაზი...

წვიმს, სველი ქურთუკის საყელოთი ვსცდილობ დავმალო ყელი და რაღაც მშრალი მაინც დავიტოვო სახლამდე. სულელი სინოპტიკოსები, არადა როგორ ამტკიცებდნენ რომ დღეს მზე და სოცარი ამინდი იქნებოდა. მართალი ვიყავი როცა ვამბობდი, ამინდი მისმა შემქნელმა უნდა გამოაცხადოს...
მოკირწლულ ქუჩებზე წყლის ნიაღვარი მოედინება. გუბეებზე გადახტომას აზრი არააქვს. მე კარგა ხანია აღარ ვარ მშრალი. მითუმეტეს მას მერე რაც იმ ჯეელმა თავისი ჯიპით ჩამიარა ქუჩაში... 
განათებული ვიტრინებიდან მოწყენილი მანიკენები უშედეგოდ ელიან მათზე შეჩერებული მყიდველის დაკვირვებულ მზერას, მათვის არავის ცხელა.  ყველა თავისთვის მიიჩქარის, ზოგი სადარბაზოებს აფარებს თავს, ზოგიც ტაქსში ადგილის მოპოვებისთვის იბრძვის, ზოგი კი გამვლელ ავტომობილს "აკურთხებს". ყველა სცდილობს თავი დააღწიოს წვიმას... თუმცა ყველა არა...
წვიმს და ქალაქიც იწმინდება, დღის მტვერი, დარდი, ფიქრი და სევდა მთელი დღის განმავლობაში რომ ტრიალებდა ჰაერში ილექება, სახლის კედლებს, ხის ტოტებს მოყვება ქვემოთ და პატარა მდინარეებად მიედინება სანიაღვე არხებისკენ. ზოგი კი, ვინც სხეულით გრძნობს ამის მოთხოვნილებას... უბრალოდ წვიმის ქვეშ დგება და სახის ყოველი კუნთით გრძნობს წვიმის წვეთებს...სიგრილეს... ალერს.. შვებას...


წვიმს, მცივა, დავსველდი მაგრამ მიხარია... ეს არა. ის...


....რომ იმ გალუმპული ქუჩის ბოლოს, რომლ ის დასრულებაც ასე ძალიან მინდა. იმ სადარბაზოს შემდეგ , გამოგდებული -მობუზული მეზობლის ფისო რომ დამხვდება. იმ სარკმლის მიღმა, ათასობით გადანათებულ ფანჯრებთან შედარებით ყველაზე მეტად მხოლოდ იქედან რომ იღვრება თბილი ნათება, შენ მეგულები და ის კარიც, რომელსაც ჯერ არ ჰკიდია შენს მიერ შერჩეული ბინის ნომრის პატარა ნიშნული, შიგნიდან გაიღება და ზღურბლზე შენ იდგები. ხოლო პირველი რასაც დავინახავ ეს შენი თვალებია, რასაც ვიგრძნობ შენი სითბოა, რასაც გავიგონებ შენი საყვედურ ნარევი :
-მოხვედი? 
-მოვედიიი!
-მალე შემოდი, რა სველი ხარ?....
-წვიმს!....
-მომენატრე...


მანამ კი ეს სველი ქუჩა, წვიმა, გაჩერებებზე აბუზული ხალხი, თითქოს ერთ ფერზე გადაღებილი ავტომობილები, მოციმციმე ლამპიონები და ღამე... ღამე... ღამე... ღამეეე და სევდიანი ჯაზი....



მალე, უკვე ახლოს ვარ.....

Comments

Popular Posts