ძილი ნებისა ჩიჩიჩი

კიკინები გაისწორა, ჯუჯღუნით და ძალდატანებით პირში ჩატენილი კარაქიანი პურის ბოლო ლუკმა ჯერ კიდევ  ლოყაში ჰქონდა გადანახული სადარბაზოს კარებს რომ ებრძვოდა გარეთ გასასვლელად. ჩქარობდა, კიდევ რაიმე არ დამავალოს დედამ ან უფროსმა დაიკომო. მამა დილიდანვე წასული იყი და სწორედ ის დრო იყო თავადაც გარეთ გავარდნილიყო სათამაშოდ. მითუმეტეს მშვენიერი მზე იყო და ეზოც ბავშვების ჟივილ-ხივილით უკვე სავსე იყო. რაღაცა მიაძახა დედამ, მაგრამ არ მობრუნებლა. ხტუნვით ჩაირბინა კიბეები და აი ეზოც,
"ბასანოშკებში" ჩაყრილი ქვიშა, მუდამ მოშვებული ონკანი, გარაჟის გვედრით ამოსული ლეღვის ხის ჩრდილი და ქუჩაში გამავალი დიდი რკინის ჭიშკარი, აი ის პატარა სამყარო რომელიც მას უნდა გაეყო მის მეგობრებთან ერთად ათას ფანტაზიაში... თუმცა ამ რკინის ჭიშკრის იქეთაც გაიპარებოდნენ ხოლმე..მაგრამ ჩუუ...
დღე ანცობაში ჩაილია. 
ფანჯრიდან დედის კატეგორიულმა მოწვევამ დაასრულა ეზოს თავგადასავლბი. ფეხისთრევით აიარა კიბე. ცოტა ხნით კიდევ გაჩერდა კარებთან, იქნებ ვიღაცას დაეძახა მისთვის ეზოდან... მაგრამ კარები გაიღო და ზღურბლს იქეთ მომღიმარმა დამ დედას ამცნო რომ მისი ონავარი ნაბოლარა, საკმაოდ კარგად დათხუპნული, უკვე კარებთან იდგა... სამზარეულოდან დედის მითითება გაისმა. "აბაზანაში დროზე, ხელი და პირი დაიბანე". 
კარები ზურგს უკან მოიხურა და აბაზანაში უხალისოდ შევიდა. ონკანიდან მოჩხრიალე წყალს საპონი შეუშვირა და პატარა ხელებს შუა აათამაშა. აქაფთა, პატარ პატარა ბუშტულები გამრავლდა... აი ეს ყველაზე დიდი გამოვიდა, სული შეუბერა და სპნის ბუშტიც გაფრინდა... ფუუუ..ფუუუ... სული შეუბერა ქვემოდან, არ ჩამოვარდე, მაღლა აფრინდი...ფუუუუ..კიდე ერთხელაც და საპნის ბუში აფარფატდა... ფუუ...ფუუუ.. და თამაშში გართულმა შემთხვევით კბილის ჯაგრისების ჭიქა გადმოაგდო...
იქუხა სამზარეულოდან... არც აბაზანას კარებთან გაჩენილმა დაიკომ დააკლო ქოქოლა. აიძურწა, ეწყინა, ტუჩი ამოუბრუნდა სატირლად გამზადებულს... მაგრამ ონკანის ცივმა წყალმა გაუნელა სევდა... სახეზე შეისხა და პირი მოიბანა. ჩუმად მიხურა აბაზანის კარები. ოთახში კატლეტის სუნი ტრიალებდა. გეზი სასტუმრო ოთახისკენ აიღო...
მოციმციმე ტელევიზორის წინ მდგარ ტახტზე მამ გაშოლტილიყო, გაუხარდა მამის დანახვა. ახლოს მივიდა მთელი დღე არ ენახა, გავეთამაშაებიო. "იქნებ თავისი მანქანით ხვალ ბაბუას სოფელში წამიყვანოს, ან იქნებ სადმე სხვაგან".. გაიფიქრა და მამის ვებერთელა მხარს თავისი პატარა ხელი შეახო
"ოო, აბეზიანკა ჩიჩიჩი...მოდი, მოდი"- გაუღიმა მამამ და ისიც დიდი სიამოვნებით ჩაუმოუჯდა გვერდით. მამამ ჩამოყრილი ჩოლკა შუბლზე გადაუწია და ლამაზ, სწორ ცხვირზე ფაქიზად კიპურტი დაარტყა." დედა ხომ არ გააბრაზე დღეს?" უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ორთავე წორნისფერი კიკინა მამას სახეში მოხვდა..ორთავემ ერთხმად გაიცინეს...

დედა ხმამაღლა არჩევდა უფროსი დაიკოს მეგობრების წვეულებაზე წასვლის ამბავს. დაიკოს ძალიან უნდოდა წვეულებაზე წასვლა, დედა კი ნებას არ რთავდა. კამათი რომ გახურდა ბოლოს მამა იხმეს. მამამ ტახტიდან სცადა საკითხის მოგვარება მაგრამ ამაოდ. ადგა ისევ და სამზარეულოში გავიდა. ტელევიზორში არაფერი იყო საინტერესო. გადართვასაც აზრი არ ჰქონდა. მამა უყურებდა. სამზარეულოში გადაწყვიტა თავადაც გასულიყო. გავიდა კიდეც. მაგრამ ინანა... დაიკოზე გაბრაზებულმა დედამ ისიც გაკიცხა კარებში რატო დგეხარო. მისი ოთახისკენ მიმავალმა, დედის გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა დაიკომ ხელით გვერდით გაჰკრა, თან უსაყვედურა "ყოველთვის უადგილოდ რატო ეჩრებიო". უხასიათოდ შექმნილმა მამამ ფანჯარაში ჯერ ფანჯარაში იყურა, შემდეგ ტელევიზორს მიუბრუნდა და უხმოდ განაგრძო ყურება. ისევ მიუცუცქდა მამას. "ახლა არა პატარავ, მერე"... უხასიათოდ უპასუხა მამამ... "შენ შენი სათამაშოები არ გაქვს? რატო დადიხარ აქეთ იქეთ?" გამოსძახა სამზარეულდან დედამ.

ქონდა სათამაშოები, ძირითადად მისი დაიკოს ნახმარები, ჰქონდა მისი კუთხეც. ქვემოთ დაფენილი ჭილოფის ნოხით. ყოველ საღამოს ამოალაგებდა თავის მეგობრებს ყუთიდან და თავისთვის წყნარად მიყუჟული იგონებდა ათას ისტორიას მათი მონაწილეობით. ახლაც ასე მოიქცა...ძველ მეგობრებთან ერთად ახალი თავგადასავალი გამოიგონა და ვერც კი შეამჩნია როგორ შევიდა ემოციებში როცა პატარა თოჯინასთან ერთად ახალ კაბას არჩევდა ღიღინით... "ჩუმად თამაში არ შეგიძლია? გასკდა თავი?" გამოსძახა ოთახიდან დაიკომ. ღიღინი უცებ შეწყვიტა... სამაგიეროდ ენა გამოუყო აბეზარას და ასე შურიც იძია.

დაღამდა. ყველა თავ-თავის საძინებელში მიიკეტა. ახლა ის მარტო იყო თავის საწოლში. კიკინებ გაშლილი და საბანში გახვეული. დიდი შავი თვალებით სწავლობდა ოთახის ყველა კუნჭულს. ახლა ხომ ღამე იყო და ამიტომაც ყველაფერი სხვაგვარად სჩანდა. მაცივაროც სხვაგვარად გრუხუნებდა, ეზოში კატაც სხვაგვარად კნაოდა... და ეს ჩრდილები ფანჯრის მიღმა... თვალები დახუჭა. ახლა დაეძინება, აი ახლა.... მოდი ცხვრებს დავითვლი... ერთი, ორი.... ცხვრები.. არა არ შველოდნენ ცხვრები. ისევ გახილა თვალები და ისევ მოავლო ოთახს, ყველაფერი ისევ ისეა.მაგრამ ძილი არ მოდის.... ის კი მარტოა. 
ლოგინზე წამოჯდა, საბანი გადაიწია. ჩამოხტა, პატარა "ჩუსტებში" ფრთხილად გაუყარა ფეხები და ნელა, ფეხაკრებით გაეშურა მშობლების საძინებლისკენ. გზად ჩაბნელებული სასტუმრო ოთახი გაიარა, ბარე სამჯერ შეჩერდა და თვალი მოავლო არემარეს. ყველაფერი რიგზე იყო.
მერე საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო და შევიდა. დედასაც და მამასაც ღრმა ძილით ეძინათ. დედას დააკვირდა... ის უფრო ახლოს იყო.მაგრამ მოერიდა. მამისკენ განაგრძნო სვლა. მის სასთუმალთან გაჩერდა და პატარა ხელი ისევ მის დიდ მხარს შეახო. მამა შეკრთა, თვალები მოიფშვნიტა "ა, ჩიჩიჩიიი, მოდი?" ნახევრად ძილში წაიბუტბუტა მამამ... თანხმობის ნიშნად პატარამ თავი დაუქნია და გრძელი წამწამების ფაფხურით დაელოდა მიწვევას..."მოდი" წაიბუტბუტა მამამ გვერდი იცვალა და ოდნავ გვერდით ჩაიწია. 
პატარა შეწვა მამის თბილი საბნის ქვეშ. მამის ზურგს მიეკრა, ორთავე ხელი შემოხვია და გაინაბა. ახლა მისი სუნთქვაც ესმოდა. ახლა ის აღარ იყო მარტო... 
თვალის ქუთუთოები დაუმძიმდა,,,, გრძელი წამწამბი თავისით დაეშვნენ და ტკბილი..მშვიდი ძილიც მოვიდა...

ძილი ნებისა ჩიჩიჩი

Comments

Post a Comment

Popular Posts