თოვს...




გვიანი ღამეა.
გარეთ თოვს.
საბანში გახვეულს ისე საყვარლად გძინავს რომ თვალს ვერ გაშორებ. ოთახში არაფერი ისმის, არაფერი - შენი სუნთქვის გარდა. ხო, მარტო შენი. იმიტომ რომ მე თითქმის აღარ ვსუნთქავ. შენ გისმენ - შენს სუნთქვას, შენს გულისცემას. დრო და დრო შენი ტუჩის კუთხეებში შემალული ღიმილი იღვიძებს და სახეს საამო ტალღა გადაუვლის. ალბათ გესიზმრება რაიმე ტკბილი და თბილი, ისეთი როგორიც ჩვენი ერთად გატარებული საღამო იყო. გარეთ თოვს, დიდი ფაფუკი ფანტელებით. მიყვარხარ… ჩემი ტუჩები ძალაუნებურად იმეორებენ ამ სიტყვას. თითქოს არ სჯერათ რომ ცხადში ხდება ეს ყველაფერი და თავის დასარწმუნებლად თავადმე იმეორებენ… თუმც ახლაც გრძნობენ შენი ბაგის სიტკბოს. მიყვარხარ…მიყვარხარ…


ლოყაზე ჩამოყრილ თმას ჩუმად გადაგიწევ პაწუკა ყურის ნიჟარის იქეთ, აი ასე.
ასე უკეთ გხედავ. ისევ გეღიმება. ერთი წუთით მაინც ჩამახედა შენს სიზმარში, მაცოდინა ნეტა რა გესიზმრება. თუმცა ჩემთვის ახლა ცხადიც სიზმარს ჰგავს… თუ სიზმარი გავს ცხადს?! … არ ვიცი… ერთად ერთი რაც ვიცი და რასაც მთელი არსებით ვგრძნობ ის არის რომ მე შენ მიყვარხარ და ეს გრძნობა მაბედნიერებს. ახალი წლის ღამეა, თოვს. ერთად ერთი ღამეა ჩემს სხოვრებაში რომლის გათენებაც არ მეჩქარება. მეტიც - არ მსურს. არ მინდა დილის სხივმა ამ ლამაზი ღამის იდუმალება დამირღვიოს. გიცქერ და ვთვრები ხილულით. ძილმაც ალბათ იგრძნო რომ არ მინდა მასთან ჩახუტება და არ მეკარება. შენით ვთვრები, შენგან მომავალი სითბოთი. იმედია ხვალ არ გეწყინება შენგან მთვრალს რო დამხედავ საწოლში. თუმცა არა, არ დავიძინებ. მინდა თავად ვნახო როგორ იღვიძებ, როგორ ახელ თვალს, როგორ იზმორები და გონს მოსული როგორ ავლებ მზერას ოთახს. როგორ გებღაუჭება ძილი და სიზმარ-ცხადის გასაყართან, პირველი ხმის ან ხმაურის გასაგონად როგორ იქცევი სმენად. მგონი გადავაჭარბე. პირველკლასელივით აღტაცებული ვარ. სასაცილოა, ეს ყველაფერი სხვას რომ გადახდომოდა თავს ვიტყოდი ბავშვივით ყურებამდეა შეყვარებულიათქო. თურმე მეც ყურებამდე შეყვარებული ვყოფილვარ.
მინდა ჩაგეხუტო მაგრამ მეშინია არ გაგაღვიძო. იძინე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. თავი ზღაპარში მგონია, სამწუხაროდ ისე როგორც ზღაპარში ჩვენზე ფოკუსირებული არ დაბნელდება კადრი და არ დაეწერება გაკრული ხელით - “ და ცხოვრობდნენ ისინი ერთად, ტკბილად და ბედნიერად”-ო.მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს “წარწერა” გამართლდეს.
გარეთ კი ისევ თოვს, ჩუმად და გულდადობილად. სწორედ ისე როგორც ჩემი ფიქრები შენზე. თითო თითო ცვივიან ჩემი ფიქრის ფიფქებიც. ნელ-ნელა, ჩუმადმოფარფატებენ და მერე თეთრ, სპეტაკ საბნად ეგებიან ზემოდან გუშინდელ რეალობას. მაგრამ არ მინდა თოვლივით გადნეს და წყლად წავიდეს. არ მინდა ვინმემ თავისი ბინძური, ბილწი ფეხებით გათელოს, გაჭრას და ოღროჩოღრო კვალი დატოვოს. არა, ამ თოვლზე მართოორი ადამიანის ნაკვალები უნდა ჩანდეს, ჩემი და შენი. თუმცა შესაძლოა ზოგჯერ მარტო ერთის კვალიც სჩანდეს და ისიც ჩემი იქნება. რატომ?! ვეგოისტობ?! არა სიხარულო. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება როცა შენ დაიღლები და სვლა გაგიძნელდება. მაშინ მე ვიტვირთავ ყველა სიძნელეს და ხელში აყვანილი ორთავე ერთად განვაგრძნობთ სვლას. შემდეგ კი პატარა ფეხუკების ნაკვალებიც გამოჩნდება… მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ამ ოცნებასაც ქონდეს რეალობად ქცევის საშუალება. რამდენი ვიბრძოლე, რამდენჯერაც დავეცი იმდენჯერ წამოვდექი. ცივია ზამთარი. მაგრამ ამ ზამთრის ღამეს არავარ მარტო.
გვიანი ღამეა...
თოვს...


Comments

  1. es ra magari blogi agmovachne :)
    ra ubraloa :) da tbili

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  3. ჩემი ტკბილი ბლოგი:)

    ReplyDelete
  4. :) gulwrfelobam momxibla... siyvarulis natelma, gulwrfelma da savse agiarebam... sheidzleba ase warmogidgeniat siyvaruli, an sheidzleba gaitaviset da gancdili grdznobebis tovaa aq, magram is rac wavikitxe siyvarulis da ltolvis ulamazesi nazavia

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts