მე აქ ვარ!




გამარჯობა, ეს მე ვარ. მოვედი

თურმე გეძებდი, როგორ მომნატრებიხარ. გიცქერ და ვხვდები რომ შენზე ყურება წყლიდან ამოყვინთული ადამიანის ხარბად ჩაყლაპულ ბღუჯა ჰაერს ჰგავს. ვერ ვძღები, თუმცა არ მინდა შევიმჩნიო. გიცქერ და ვერ ვხდები სად გაქრა ეს ერთი წელი. სად წავიდა ჰა? წელი? იქნებ არც ყოფილა? იქნებ ამ სკამზე უბრალოდ ჩამეძინა და უბრალოდ, აი ასე უბრალოდ ერთი დღის მერე, საღამოს მომაკითხე? სად გაქრა ამდენი “აღარ, აღარასოდეს, არასდროს” სად?




ცდილობ სკამზე თამამად დაჯდე, მოხდენილად. რომ არ შეგამჩნიო ნერვიულობა და შენს მიერ უცაბედად მიღებული გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ გამოწვეული გაურკვეველი ემოცია. მაგრამ ხელები სად წაიღო არ იცი. ვერც უმიზეზოდ ანთებული სიგარეტი გშველის. თან ნერვიულობ, ღიმილზე მატყობ რომ ვხდები და საკუთარ თავზე ღიზიანდები. ხელს გკიდებ და შენი თრთოლვა ქრება. წყნარდები. გრძელი თითებით ხელისგულს მისინჯავ. “ისევ ისეთივე რბილია, როგორც ღრუბელი” ამბობ და გეღიმება.
 აი პირველი ღიმილიც.

როგორ მომწყურებია შენი შეხება, შენი შეგრძნება…

რაღაცეებს ყვები, შენი ხმა და საუბრის მანერიც მომნატრებია… ცდილობ ამბები მომითხრო, რაღაც-რაღაც ამბები. თხრობა გერღვევა, ჩემი სიმშვიდე გიკვირს,მეც. მიკვირს იმიტომ რომ სიზმარი მგონია. ამიტომაც ვერიდები, ვუფრთხილდები რომ არ გავაქრო, არ შევაშინო. მშვიდად ვარ ამ სიზმარში. ხო, ჩემდა გასაკვირად მშვიდად და ბედნიერად.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ორთავე ვხდებით რომ საუბრით ახლა მაინც ვერაფერს ვიტყვით. რომც ვთქვათ სმენა თითქოს დაქვეითებული, დასუსტებული გვაქვს. გამძაფრებულია მხოლოდ მხედველობა და შეგრძნების, შენი სითბოს შეგრძნების უნარი…
მომწყურებიხარ, მომნატრებიხარ, მკლებიხარ, მჭირებიხარ, მტკიებიხარ, მიყვარხარ.

სიჩუმეა, სიმშვიდეა და ის სისავსეა რასაც ვგრძნობ და ვხდები რომ ჰაერივით მჭირდებოდა.

-დარჩი…
-ახლა ვერ…
-რატომ?
-გარეთ მეგობრები მელოდებიან… ისე შემოგირბინე, ახლა კი ნახევარი საათია აქ ვარ. ალბათ ბრაზობენ…
-მერე რა?…
-არც არაფერი… მაგრამ, ხვალ… ხვალ გნახავ…
-ხვალ? შორსაა ხვალ…
-მაშინ უფრო მალე…
-მალე?
-ხო მალე… მე აქ ვარ…
-ააქ?
-ხო აქ!



მეღიმება, რა უსუსური ყოფილა პაიკი “არა”  როცა სვლას აკეთებ დედოფლით “მაინც”.

Comments

  1. ზოგჯერ მთავარი განცდაა... :)

    ReplyDelete
  2. რა უსუსური ყოფილა პაიკი “არა” როცა სვლას აკეთებ დედოფლით “მაინც”.-- genialuri frazaa :)))

    ReplyDelete
  3. tqven gaixaret. bednierebas gisurvebt

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts